Kaikki, mitä sinun tulee tietää lyhytaikaisista lainoista

ნივთები, რომლებსაც ყიდულობთ, მაგრამ სინამდვილეში არ გჭირდებათ

ჩვენ ხშირად ვყიდულობთ საგნებს და ვხარჯავთ ფინანსებს იმაში, რისი ყიდვის აუცილებლობაც ნამდვილად არ არსებობს. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს: წლების განმავლობაში ავტომატიზმამდე დასული ჩვევა, რეკლამისადმი დამოკიდებულება, მოდისადმი დაუფიქრებლად  აყოლა, არასაკმარისი ინფორმაცია თუ სხვა. შედეგად ხშირად  ფინანსური პრობლემების წინაშე ვდგებით.  თუ ჩვენ გონივრულად მივუდგებით ამ საკითხს, ეს მოგვეხმარება ფულის  იმ მიზნებისთვის დაგროვებაში, რაც  რეალურად უფრო გვჭირდება.  გადაავლეთ თვალი ჩვენს არააუცილებელი ხარჯების ჩამონათვალს:

  • უახლესი მოდელის მობილური, – დარწმუნებული იყავით, რომ მწარმოებელ კომპანიებს ყოველი ახალი მოდელის გამოშვებისას უკვე გამზადებული აქვთ თქვენთვის ახალი „ფულის მახე“ და როგორც კი წინა მოდელი საკმარის მოგებას მოიტანს, მაშინვე გამოჩნდება რაღაც ახალი. ასე რომ თქვენი ულტრათანამედროვე მოდელი მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკვე მოძველებული იქნება. დაფიქრდით ღირს თუ არა გამოედევნოთ ამ ცვლილებებს, თუ წინა მოდელი სავსებით აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
  • კომპიუტერული ტექნიკა – კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას კარგად შეარჩიეთ თუ რა პარამეტრების მქონე ტექნიკა გჭირდებათ თქვენი მიზნებისთვის, ამის მიხედვით ფასიც მნიშვნელოვნად განსხვავდება. არ არის აუცილებელი ბუზის მოსაკლავად ზარბაზნიდან ესროლოთ.
  • ცოცხალი ნაძვის ხე – ალბათ ღირს დაფიქრება იმაზე, რომ იყიდოთ ხელოვნური ნაძვის ხე და თუ მოგბეზრდებათ, რამოდენიმე წელიწადში შეცვალოთ. ნაძვის ხე მხოლოდ სიმბოლური ნივთია და არ არის საჭირო თქვენს ოროთახიან ბინაში სამ-მეტრიანი ცოცხალი ნაძვის ხის შეტანაზე იწვალოთ. ამით ბუნებასაც დაეხმარებით, და ორ კვირაში ნაძვის ხის უტილიზაციის პრობლემასაც აიცილებთ თავიდან, არც დაცვენილი გამხმარი წიწვების დაგვა მოგიწევთ სახლში და სადარბაზოში. აღარაფერს ვამბობთ დაზოგილ თანხაზე.
  • ენერგეტიკული სასმელები, გაზიანი სასმელები, სნიკერსი, მარსი – ალბათ ძალიან ხშირად მაღაზიაში აუცილებელი პროდუქტის საყიდლად შესულს ხშირად  ხელს აღნიშნული სასმელი თუ სასუსნავი გამოგიყოლებიათ. ცალკე აღებული თითოეული 1-5 ლარი თუ ღირს, მაგრამ დაფიქრდით რამდენს ხარჯავთ ამაში თვის განმავლობაში და მიხვდებით რა რაოდენობის თანხას ყრით ყოველთვიურად იმაში რაც ნამდვილად არ არის აუცილებელი და ჩვენი ვარაუდით არც სასარგებლო არ უნდა იყოს.
  • კოსმეტიკური საშუალებები – ხშირად იმაზე მეტი გვაქვს შეძენილი ვიდრე გვჭირდება. სხვადასხვა სახის შამპუნები, კრემები, ოდეკოლონები და ა.შ. სანამ კიდევ ერთ ახალ შენაძენს გააკეთებთ დაფიქრდით, იქნებ სახლში ისედაც საკმარისი გაქვთ.
  • სავარჯიშო დარბაზების აბონემენტები – თუ თქვენ ჯანმრთელობის გამო აუცილებლად არ გჭირდებათ პროფესიონალი ინსტრუქტორის ზედამხედველობა, მაშინ ამ დანახარჯის გარეშეც შეძლებთ თქვენი სხეულის სილამაზეზე ზრუნვას, ამის ბევრი უფასო საშუალებაც არსებობს: ძუნძული, აზიდვები, სხვადასხვა სახის ვარჯიშები, ფეხით სიარული და ა.შ. მთავარია არ იზარმაცოთ და აქტიური ცხოვრების წესით იცხოვროთ.
  • ზედმეტი რაოდენობის ტანსაცმელი – ეს ალბათ ზედმეტი ფულის ხარჯვის ერთერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დაფიქრდით გჭირდებათ თუ არა კიდევ ერთი პერანგი, კაბა თუ შარვალი იმისთვის, რომ შემდეგ შეიძლება წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჩაიცვათ და გარდა ფულის დახარჯვისა კიდევ ერთი პრობლემა გაიჩინოთ, თუ სად ჩამოკიდოთ თქვენი ახალი შენაძენი, რადგან კარადები ისედაც სავსეა.

Vivus.ge გირჩევთ გადახედოთ თქვენს ყოველდღიურ ხარჯებს, რათა უკეთ გააცნობიეროთ თუ რაში ხარჯავთ ტყუილად ფულს.

02.08.2016