vivus ge

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ფულზე

ბევრი მშობელი თვლის, რომ არ არის საჭირო ბავშვებთან ფულზე ლაპარაკი, უსრულებენ მათ ყველა ახირებულ სურვილს ისე, რომ ბავშვები ვერც კი ხვდებიან იმას, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ციდან არ ცვივა.

ხანდახან მათთვის რაიმეზე უარის თქმა და განმარტება, თუ რა არის ფული, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათთვის რაიმე გვენანება.

ბავშვები ყველაფერს იმაზე კარგად ითვისებენ, ვიდრე ჩვენ გვგონია.

რა თქმა უნდა, VIVUS.GE არ არის მომხრე, რომ ბავშვები ზედმეტად გადავტვირთოთ ინფორმაციით და იმ პრობლემებით, რომლებსაც უფროსები ვაწყდებით, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ ისინი პატარაობიდანვე დაიწყებენ ასაკის შესაბამისი ცოდნის მიღებას ფულის მნიშვნელობაზე, საიდან ჩნდება ის ჩვენ საფულეში და რატომ შეიძლება უცებ „გაქრეს“ ის საფულიდან.

გახსოვდეთ, რომ ეს მშობლების ვალდებულებაა ბავშვებს ასწავლონ ფულთან ურთიერთობა და მისი დაზოგვა და არა სკოლის მასწავლებლების.

ბავშვის ასაკის მიხედვით ცხადია ჩვენი რჩევებიც განსხვავდება.

3-5 წელი

მოიფიქრეთ თამაში, რომ ფულზე საუბარი თამაშის ნაწილი გახდეს. მაგ.: აჩვენეთ მონეტები და უთხარით დაალაგოს ერთნაირი მონეტები ერთად.

ამის შემდეგ შეძლებთ აუხსნათ, რომ ისინი არა მარტო გარეგნულად განსხვავდებ და ვთქვათ 2 ცალი 5 თეთრიანი მონეტა ერთი 10 თეთრიანის ტოლფასია და ა.შ. ან გაითამაშეთ მაღაზიის სცენა, სადაც გაცვლით მყიდველის და გამყიდველის როლებს.

აქ შეგიძლიათ ბავშვს აუხსნათ, რომ მის ხელთ არსებული ფული ყველაფრისთვის არ არის საკმარისი და მას დაფიქრება მოუწევს, თუ რაზე ეყოფა თანხა.

ფულის მოსაგროვებლად უყიდეთ გამჭვირვალე ყულაბა ან მიეცით რაიმე გამჭვირვალე ქილა. შეეცადეთ, რომ ბავშვმა დაისახოს მიზანი: რისთვის აგროვებს ის ყულაბაში ფულს და დაახლოებით როდის შეძლებს მოგროვებას.

6-8 წელი

სკოლის წინა პერიოდში და პირველ კლასებში მნიშვნელოვანია ბავშვს რეგულარულად ჰქონდეს შეხება ფულთან და ისწავლოს მისი მოხმარება.

კარგი იქნება, თუ ბავშვს თავის სურვილების ასასრულებლად დაუწესებთ ყოველკვირეულ თანხას, რომელსაც თვითონ განკარგავს.

მიეცით ბავშვს საშუალება დაგეგმოს, თუ რაში დახარჯოს ეს თანხა, იმსჯელეთ ერთად, შეცდომებზე მიუთითეთ მშვიდად.

9-13 წელი

აუხსენით რომ შემოსავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შესრულებული სამუშაოს რაოდენობაზე  და ხარისხზე.

გააცანით თუ რაში იხარჯება შემოსავლის დიდი ნაწილი და როგორ შეიძლება თანხის დაზოგვა.

მაგ.: ერთი თვის განმავლობაში ყურადღებით იყოს, რომ არ დატოვოს ანთებული ნათურა (გამორთოს ტელევიზორი), როდესაც ოთახში არ არის და ა.შ.

ერთად შეადარეთ წინა და მომდევნო თვის ელექტროენერგიის გადასახადები.

როდესაც ჩათვლით, რომ ბავშვს ესმის შემოსავლები და გასავლები, აუხსენით განსხვავება საჭირო ხარჯებსა და სურვილების დაკმაყოფილებას შორის.

ამ ასაკში ბავშვებს ხშირად უჩნდებათ სურვილი იყიდონ რაიმე ნივთი, მხოლოდ იმიტომ, რომ მის თანატოლს აქვს.

ეს ყველაფერი თქვენს შვილს დაეხმარება მოზრდილ ასაკში იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი და იშვიათად დადგეს ფინანსური პრობლემების წინაშე და თუ მაინც მოუწევს პრობლემებთან გამკლავება, ზედმეტი სტრესის გარეშე ადვილად გადაჭრის მათ.